ფონდი დაფუძნებულია საქართველოს საინჟინრო აკადემიისა და სააქციო საზოგადოება კომპანია „მედინსერვის“ მიერ. ფონდის წევრები არიან საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები და ღვაწლმოსილი ადამიანები, ადგილობრივი და უცხო ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.

ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო და არის ისტორიული ძეგლების - ქართული მართლმადიდებლური ტაძრებისა და მონასტრების - აღდგენა და რეკონსტრუქცია. ამ კუთხით ფონდი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საპატრიარქოსა და ცალკეულ ეპარქიებთან.

ფონდი, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, რეგულარულად ეხმარება სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, ასევე ავადმყოფებს, რომლებსაც მედიკამენტები და მკურნალობა ესაჭიროებათ.

ფონდი პერიოდულად დახმარებას უწევს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდაში.

ფონდი ფინანსურად მხარს უჭერს ასევე სამეცნიერო და საგანმანათლებლო პუბლიკაციების, მონოგრაფიების, ქვეყნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისა და მიღწევების ამსახველი მასალების, სპეციალური ენციკლოპედიებისა და ცნობარების, მათ შორის სამედიცინო სფეროში, გამოცემას.

ფონდს განზრახული აქვს სპეციალური ჯილდოს დაწესება საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენი კონკურსის მხარდასაჭერად (ეს ნამუშევარი შეიძლება იყოს სამეცნიერო ნაშრომი, დოკუმენტური ფილმი თუ გადაცემათა ციკლი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში), რომელიც ობიექტურად და დასაბუთებულად გააშუქებს მეცნიერებასა და რელიგიას, როგორც მსოფლმხედველობისა და ჭეშმარიტების შემეცნების ორ ფუნდამენტურ სფეროს შორის ურთიერთკავშირს.

თუ ფონდის ხედვა და მისია ემთხვევა თქვენს ხედვას, თუ გაქვთ სურვილი, გახდეთ ფონდის წევრი ან გაუწიოთ თუნდაც მცირეოდენი მხარდაჭერა ნებისმიერი ფორმით ან ფონდის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდგომი ინფორმაციისათვის.

ფონდი გამოხატავს ღრმა პატივისცემას თანამოაზრეების მიმართ.

 

 

 

 

 

 

დაგვიკავშირდით

მისამართი

თბილისი 0102
დიმიტრი უზნაძის ქ. N76

 

ელ-ფოსტა

momavlisge@gmail.com
info@ffg.ge

 

ტელეფონი

570 101753
2951541